Seminar on Cluster Development Potential

01.03.2018
news

2017 წლის 1 მარტს, თბილისის ავეჯის კლასტერში „ხელოსანთა ქალაქი“, შედგა სემინარი საქართველოში ავეჯის ინდუსტრიის კლასტერული განვითარების პოტენციალის შესახებ.

 

სემინარი ჩაატარა ევროპის ერთერთი ყველაზე წარმატებული ბულგარული ავეჯის კლასტერის ხელმძღვანელმა ქ-ბნ ჟენევევა ქრისტოვამ, რომელმაც მიმოიხილა ავეჯის მსოფლიო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციები და ისაუბრა განვითარებულ ბაზრებზე შეღწევის სტრატეგიაზე, რომელიც მსხვილი დაკვეთების კლასტერული გაერთიანების პრინციპით შესრულებას ითვალისწინებს.

 

სემინარს დაესწრო  ქართული ავეჯის ინდუსტრიის 60-ზე მეტი წარმომადგენელი, რომელთა უმრავლესობა უკვე მუშაობს კლასტერული პრინციპით თბილისში,კონიაკის დასახლებაში მდებარე „ხელოსანთა ქალაქში“, მაგრამ ორიენტირებულია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე.

 

„შვიდი წელია ვამუშავებ მცირე ავეჯის საამქროს „ხელოსნების ქალაქში“, მაგრამ დღეს სრულიად უცნობი მეავეჯე საამქროები აღმოვაჩინე ამ ტერიტორიაზე. ხშირად გვაქვს ისეთი შეკვეთები რომლებსაც ჩვენი რესურსი არ ყოფნის, ვფიქრობ საინტერესო იქნება ძალების გაერთიანება ასეთ შემთხვევებში. მთავარია სანდო პარტნიორის მოძიება. ასეთი შეხვედრები თუ კიდევ ჩატარდა ძალიან დაგვეხმარება“ - ამბობს ავეჯის საამქროს - შპს „ფარაონი“ დირექტორი გოჩა გიორგაძე.

 

ღონისძიების დროს დისკუსიაში ასევე ჩაერთო ავეჯის და ინტერიერის დიზანიერთა შემოქმედებითი ჯგუფი, მოხდა ქართული დიზაინით შესრულებული ავეჯის ნიმუშების დემონსტრირებაც. მხატვარი და გალერეა „ნექტარის“ მფლობელი ნინო სეხნიაშვილი, რომელიც ასევე კითხულობს ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე, ამბობს, რომ საქართველოში კარგი პოტენციალი არსებობს შემოქმედებითი კადრების კუთხით, მაგრამ მათ აკლიათ დიზაინის პრაქტიკული განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა, უნარები და ასევე ინფრასტრუქტურა. „შედეგად, ხშირად ვიღებთ ისეთი ტიპის ავეჯის დიზაინს რომელიც მიმზიდველია ვიზუალურად, მაგრამ გაუმართავი ერგონომიულად და შესაბამისად შეზღუდული ფუნქციონალობის არის“ - ასკვნის იგი.

 

დამსწრეთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები და ისაუბრეს ქართული ავეჯის ექსპორტის წარმატებულ მაგალითებზე.

 

სემინარის დასკვნით ნაწილში, მოხდა მონაწილეთა მიერ ავეჯის ინდუსტრიის მთავარი პრობლემების იდენტიფიცირება და ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფებად - ხსენებული პრობლემების გადასაჭრელად. ამ პროცესს ხელს შეუწყობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის დაფინანსებით, მცირე და საშუალო მეწარმეობისა და კერძო სექტორის ხელშეწყობის პროგრამის (EU4Business) ფარგლებში და ხორციელდება GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) მიერ.

 

„დღეს ჩვენ ვიხილეთ ქართულიავეჯის ინდუსტრიის სრული მზაობა ითანამშრომლონ სექტორში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რაც ყველასთვის საერთოა და რასაც ისინი ცალ-ცალკე ვერ გადაჭრიან. აქ ფაქტიურად ჩვენ გვაქვს საქმე კლასიკური კლასტერის ჩანასახთან, რომელიც სრულიად ჯანსაღ ნიადაგზე იქმნება“ - აღნიშნა ქალბატონმა ქრისტოვამ

 

 

 

„ხელოსანთა ქალაქი“ ამჟამად 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული და 170 მცირე და საშუალო ავეჯის დარგში მომუშავე კომპანიას იტევს, სადაც 1200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 

also view