სემინარი საქართველოში ავეჯის ინდუსტრიის კლასტერული განვითარების პოტენციალის შესახებ

01.03.2018
პრეს-რელიზი

2017 წლის 1 მარტს, თბილისის ავეჯის კლასტერში „ხელოსანთა ქალაქი“, შედგა სემინარი საქართველოში ავეჯის ინდუსტრიის კლასტერული განვითარების პოტენციალის შესახებ.

 

სემინარი ჩაატარა ევროპის ერთერთი ყველაზე წარმატებული ბულგარული ავეჯის კლასტერის ხელმძღვანელმა ქ-ბნ ჟენევევა ქრისტოვამ, რომელმაც მიმოიხილა ავეჯის მსოფლიო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციები და ისაუბრა განვითარებულ ბაზრებზე შეღწევის სტრატეგიაზე, რომელიც მსხვილი დაკვეთების კლასტერული გაერთიანების პრინციპით შესრულებას ითვალისწინებს.

 

სემინარს დაესწრო  ქართული ავეჯის ინდუსტრიის 60-ზე მეტი წარმომადგენელი, რომელთა უმრავლესობა უკვე მუშაობს კლასტერული პრინციპით კონიაკის დასახლებაში მდებარე „ხელოსანთა ქალაქში“, მაგრამ ორიენტირებულია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. დისკუსიაში ასევე ჩაერთო ავეჯის და ინტერიერის დიზანიერთა შემოქმედებითი ჯგუფი, მოხდა ქართული დიზაინით შესრულებული ავეჯის ნიმუშების დემონსტრირებაც. დამსწრეთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები და ისაუბრეს ქართული ავეჯის ექსპორტის წარმატებულ მაგალითებზე.

 

სემინარის დასკვნით ნაწილში, მოხდა მონაწილეთა მიერ ავეჯის ინდუსტრიის მთავარი პრობლემების იდენტიფიცირება და ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფებად - ხსენებული პრობლემების გადასაჭრელად. ამ პროცესს ხელს შეუწყობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის დაფინანსებით, მცირე და საშუალო მეწარმეობისა და კერძო სექტორის ხელშეწყობის პროგრამის (EU4Business) ფარგლებში და ხორციელდება GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) მიერ.

 

„დღეს ჩვენ ვიხილეთ ქართულიავეჯის ინდუსტრიის სრული მზაობა ითანამშრომლონ სექტორში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რაც ყველასთვის საერთოა და რასაც ისინი ცალ-ცალკე ვერ გადაჭრიან. აქ ფაქტიურად ჩვენ გვაქვს საქმე კლასიკური კლასტერის ჩანასახთან, რომელიც სრულიად ჯანსაღ ნიადაგზე იქმნება“ - აღნიშნა ქალბატონმა ქრისტოვამ

 

„ხელოსანთა ქალაქი“ ამჟამად 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული და 170 მცირე და საშუალო ავეჯის დარგში მომუშავე კომპანიას იტევს, სადაც 1200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

აგრეთვე ნახეთ